top of page

“$3.7 მილიარდის ღირებულების 84 ჰესის პროექტი ან შეჩერდა, ან პრობლემების წინაშეა”



2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმზეა. კლება 2019 წელთან შედარებით 52,9%-იანია. შემცირება სექტორების დიდ ნაწილს შეეხო. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა, სადაც 2020 წელს $6 მილიონი ჩაიდო, რაც 2019 წელთან შედარებით 98%-ით ნაკლებია.

როგორც „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის სფეროში 84 პროექტის განხორციელება დაიწყო, თუმცა ინვესტორები ამ პროექტების განვითარებაში არაერთი მიმართულების პრობლემებს აწყდებიან, რის გამოც დაახლოებით $3.7 მილიარდი დოლარის მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება შეფერხებულია.

“დღეს გვაქვს ჰესების 84 პროექტი, რომელიც ან გაჩერებულია ან სერიოზული პრობლემების ქვეშაა. ძირითადი მიზეზი სოციალური პრობლემებია. ამ პროექტების ჯამური ღირებულება არის 3,7 მილიარდი ამერიკული დოლარი, რაც დღევანდელი კურსით 10 მილიარდ ლარზე მეტია. ამ პროექტებში უმეტესი ნაწილი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც უნდა შემოსულიყო, მაგრამ არ შემოვიდა და შეჩერდა. 2500 მეგავატი არის დადგმული სიმძლავრე იმ პროექტების, რომელიც შეჩერებულია გარკვეული პრობლემების გამო. ენერგიის ეს მოცულობა ქვეყანაში იმპორტზე დამოკიდებულების საკითხს მოგვიხსნიდა,”- აცხადებს „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და გარემოს დაცვის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხეს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ პრობლემა სისტემურია, რადგან 100-ზე მეტი ჰესის პროექტი არის გაჩერებული, რომელთა შორისაც წამყვანი მიზეზი მოსახლეობის უთანხმოებაა.

“პრობლემა არის სისტემური – არ არსებობს ინვესტორის მიმართ ნდობა, ასევე, ნდობა ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის. ამ ნდობის მოპოვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა როგორც ჩანს, საჭიროა, საკანონმდებლო ბერკეტები, სამმხრივი ხელშეკრულებები, სოციალური პასუხისმგებლობის განსაზღვრა, სათემო ფონდების შექმნის ვალდებულება და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი პრობლემაა და 100-ზე მეტი პროექტი არის გაჩერებული, ძირითადად მოსახლეობასთან გარკვეული უთანხმოების გამო, რაც აზარალებს სახელმწიფოს,”- განაცხადა მინისტრმა.

წყარო: BMG

Comments


bottom of page